AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

დაჯგუფება „თალიბანი“ აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლიდან მალე გამოაცხადებს „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ. იტყობინება სააგენტო Associated Press-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

ეს იყო, ავღანეთის ოფიციალური სახელწოდება „თალიბანის“ რეჟიმის დროს, 1996-2001 წლებში.

მანამდე გავრცელდა ცნობა მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „თალიბანთან“, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში უნდა გამართულიყო. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანია „თალიბანისთვის“ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. BBC-მ გაავრცელა ფოტომასალა, რომელიც ქაბულში საპრეზიდენტო სასახლეში სწორედ „თალიბების“ ყოფნას ასახავს.

პარალელურად, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურისგან მოისმინა ინფორმაცია ავღანეთში შექმნილი ვითარების შესახებ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ დამატებით კიდევ 1000 ჯარისკაცს გზავნის ქაბულში.

ქაბულის აეროპორტში ყველა სახის ფრენა შეჩერდა სამხედრო თვითმფრინავების გარდა, რომელთაც დიპლომატები გადაგყავთ. 5000 ამერიკელი სამხედრო საელჩოს პერსონალის უსაფრთხოდ გაყვანას ცდილობს.

ასევე პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უზბეკეთის ხელისუფლებამ 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავა, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანელ ჯარისკაცებს მიაწოდეს საკვები, გადაიყვანეს დროებით საცხოვრებელში და მიეწოდათ აუცილებელი სამედიცინო დახმარება. უზბეკეთის ხელისუფლება ავღანეთთან მოლაპარაკებების გზით, ჯარისკაცების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავს.

ცნობისთვის, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა მედიას, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა.

მანამდე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა.

დაჯგუფება ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს. დაიკავა ქალაქი მაზარ-ი-შარიფი, რომელიც უზბეკეთიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოდ ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ „თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის „ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.

„20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გადავამზადეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ავღანეთიდან.

პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.