რა გახდა 7 თვის ორსულის გარდაცვალების მიზეზი - ექიმის განმარტება

ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვლილი 7 თვის ორსულის მდგომარეობა ეტაპობრივად რთულდებოდა, ის კორონავირუსის "დელტა" შტამით იყო ინფიცირებული.

როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს არ იყო ვაქცინირებული. მისივე თქმით, კორონავირუსის "დელტა" შტამი ძალიან აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმე პოპულაციაში.

"შემოსვლისას შეფასდა, როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ ვიცით რა, რომ "დელტა" შტამი ძალიან აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმე პოპულაციაში, მაინც გადაწყდა, რომ დაგვეტოვებინა გოგო ჩვენთან და ასეც ვიქცევით, როგორც წესი, სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში და ეროვნული პროტოკოლით დავიწყეთ მისი მკურნალობა.

რაღაც დროის განმავლობაში შეინიშნა, რომ მას ნელ-ნელა გაუჭირდა სუნთქვა, გახდა ჟანგბადდამოკიდებული. ჩანდა აშკარად, რომ სისხლში ჟანგბადის გაჯერების პროცენტობა იყო იმაზე დაბალი, ვიდრე ადამიანის ფუნქციური განვითარებისთვის საჭიროა. მისი ეს ჟანგბადდამოკიდებულება უფრო გაღრმავდა და უკვე 12 აგვისტოს რეალურად დაგვიდგა საჭიროება, რომ გოგოს დავხმარებოდით ე.წ. CPAP მეთოდით, ხელოვნური ვენტილატორი გამოიყენება ამ დროს. რამდენიმე დღით მოხერხდა მისი დასტაბილურება, სამწუხაროდ, 13 რიცხვში უკვე გადავიდა რეანიმაციაში და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი სტაბილურობის გამყარება", - აცხადებს ექიმი ალექსი ვაჩაძე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის მძიმე ფორმით გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალის მამაც.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.

ამავე თემაზე:

კორონავირუსით საქართველოში მეხუთე ორსული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში 25 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 49

საქართველოს რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე ნაკლები შემთხვევა