უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედია-ვებინარზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწავლის დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს.
„ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია, რომ ეს 40%-ია. უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე.