ამირან გამყრელიძე: ანტივაქსერები განსაკუთრებით ექიმებში, მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტივაქსერები განსაკუთრებით ექიმებში, მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს.

როგორც მან ონლაინ მედია ვებინარზე განაცხადა, აცრა არის მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევა და არ შეიძლება, ექიმმა ადამიანს მოუწოდოს, არ აიცრას.

„ექიმები სხვებზე მეტად არიან აცრილები. ექიმების 64 % ერთჯერადად აცრილია. სამედიცინო პერსონალი - ექთნები, სანიტრები, ადმინისტრაციული პერსონალი 46%-ია აცრილი, სხვა ჯგუფებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექიმები და ექთნები ამ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

სამწუხაროდ, 33%-ს კოვიდი დაემართა და დაახლოებით 80-მდე სამედიცინო პერსონალი გვყავს დაღუპული. ჩვენდა სამწუხაროდ, ექიმებშიც არის ანტივაქსერების ჯგუფი. ჩვენც საზოგადოების წევრები ვართ და გლობალური საზოგადოების დაახლოებით 30% ანტივაქსერული მიმართულებით მომუშავეა. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ანტივაქსერები საზოგადოებაში ცოტა მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ სამედიცინო საზოგადოებაში, განსაკუთრებით ექიმებში, მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს. თუ ექიმმა არა, მაშინ ვინ იცის ის სიკეთე, რასაც აცრა ადამიანს უკეთებს. თუ ექიმმა არა, ვინ იცის, რომ დღეს რომ არ ყოფილიყო აცრა, მილიონობით ადამიანი ისევ „ყვავილით“ მოკვდებოდა ან პოლიომელიტით გარდაიცვლებოდა.

აცრა მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევების სამეულში შედის. ანტივაქსერებმა ეს უნდა დაიჯერონ, გასაკუთრებით ჩემმა კოლეგებმა, ექიმებმა. არ შეიძლება, ექიმმა ადამიანს მოუწოდოს, არ აიცრას, თუ მას აცრის წინააღმდეგ აბსოლუტური ჩვენება არ აქვს, მით უმეტეს, ახლა, როცა კოვიდის პანდემიაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე.