გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახბე მერკელმა მოსკოვში, პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
"ჩვენი თვალსაზრისით, მიუღებელია ალექსეი ნავალნის კოლონიაში დაპატიმრება იმ განაჩენის საფუძველზე, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაპროპორციულად აღიარა", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მერკელის თქმით, გერმანია გააგრძელებს რუსული ოპოზიციის ლიდერის საქმეზე თვალყურის დევნებას.
მან ასევე მოითხოვა სამი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ამოღება "არასასურველი ორგანიზაციების" სიიდან.
"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ სამი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია შედის "არასასურველი ორგანიზაციების" სიაში, რომლებმაც ბევრი იმუშავეს "პეტერბურგის დიალოგის" ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობისთვის", - თქვა მერკელმა.
მოლაპარაკებების კიდევ ერთი თემა იყო ავღანეთში შექმნილი ვითარება.
მერკელის თქმით, გერმანიის "პრიორიტეტი ახლა არის იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც გერმანიასთან თანამშრომლობენ ავღანეთში NATO-ს მისიის ფარგლებში, 20 წლის განმავლობაში".
მერკელმა მოუწოდა რუსეთს, "თალიბანთან" მოლაპარაკებებში, რომ მასზე გავლენა მოახდინონ. რათა ავღანელებმა დატოვონ ქვეყანა. კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს დღეებში გერმანია ყველაფერს გააკეთებს ავღანეთიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდეს.
თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ავღანეთის დაშლა.
"დღეს "თალიბები" აკონტროლებენ ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას, დედაქალაქის ჩათვლით. ამ რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია ავღანეთის სახელმწიფოს დაშლის თავიდან ასაცილება. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავღანეთის მიმდებარე სახელმწიფოების ტერიტორიაზე ყველა სახის ტერორისტების შეღწევის აღკვეთა, მათ შორის ლტოლვილების საფარქვეშ", - განაცხადა პუტინმა.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"
რაც შეეხება "ჩრდილოეთის ნაკადი 2" -ის გაზსადენს, მერკელმა აღნიშნა, რომ ეს არის "არა ორმხრივი - რუსულ-გერმანული პროექტი, არამედ ევროპული პროექტი, რადგან მასში სხვა ქვეყნების საწარმოებიც მონაწილეობენ".
კანცლერმა ასევე თქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დროს განიხილეს გერმანიისა და შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს 2024 წლის შემდეგ.
"ჩვენ ვიღებთ გარკვეულ პასუხისმგებლობას, მიუხედავად ყველა ეკონომიკური ფაქტორისა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ”, - აღნიშნა კანცლერმა. მერკელის თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების სატრანზიტო შეთანხმება შეიძლება და უნდა გაგრძელდეს 2024 წლის შემდეგ. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ "ამ კონტექსტში ჩვენ ასევე განვიხილეთ ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის".
პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინაში გაზის ტრანზიტის პერსპექტივები 2024 წლის შემდეგ, როდესაც მოქმედი კონტრაქტი დასრულდება, დამოკიდებულია ევროპელ მყიდველებზე - უკრაინული მარშრუტის ტექნიკური მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი მახასიათებლების გათვალისწინებით.
"მე დავრწმუნდი, რომ ჩვენ სრულად შევასრულებთ სატრანზიტო ხელშეკრულებით დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, მერკელის კანცლერის პოსტიდან წასვლის შემდეგაც", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, "ბოდვაა" "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პოლიტიკურ პროექტად მიჩნევა.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით მოსკოვშია.