ავღანელი ბავშვის უმძიმესი კადრი, რომელიც ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსურ პროცესს ასახავს, დღეს საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბავშვი მამამ გადასცა ამერიკელ საზღვაო ქვეითს ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცეს ბავშვი ჯარისკაცს, რომელიც მავთულხლართებს ეყრდნობა და იჭერს მას.
ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის მონაწილე ავღანელი ბავშვი მამასთან, უკვე უსაფრთხოდ არის. დამატებითი დეტალების შესახებ მედია ჯერ არ იტყობინება.
ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
„თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას.