რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება სავალდებულო იქნება, თუ მას აცრა არ აქვს გაკეთებული ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან გადატანილი არ აქვს კოვიდი.

მისი თქმით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას შესთავაზებენ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. თუმცა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

"რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს. მათი საუბარი შეეხებოდა სწორედ იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში არჩევნები უსაფრთხოდ.

იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პირების წინასწარ ტესტირებაზე, ასევე ვაქცინაციაზე. უკვე ტესტირების ორი ეტაპი გავიარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.

ჯერ აიცრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებსაც არც ერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული. თანამშრომლების უმრავლესობა აცრილია, ზოგს აქვს ორჯერადი ვაქცინაცია ჩატარებული, ზოგს აქვს ერთი დოზა გაკეთებული და მეორეს ელოდება. შედგა იმ თანამშრომლების სია, რომელთაც არ ჰქონდათ ვაქცინაცია ჩატარებული, ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილზე გადაგვეყვანა ისინი და აცრილიყვნენ.

ეს იყო პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე იგეგმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების აცრა. სულ ჯამში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაა, რომელიც 17-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას შევთავაზებთ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა ტესტირების პროცესი არის სავალდებულო ყველასთვის, ვისაც აცრა არ აქვს გაკეთებული ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან გადატანილი არ აქვს კოვიდი.

პირველ რიგში, ვაკეთებთ ტესტირებას, სწრაფი ტესტით. ჯერჯერობით ორი ეტაპი გვქონდა და არც ერთ შემთხვევაში არ დაუდგინდა რომელიმე თანამშორმელს.

ამის შემდეგ იყო პირველი ეტაპი ჩვენთან, ცესკოში, როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდა, ახლა უკვე საოლქო საარჩევნო კომისიებშიც იგივე პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ორგანიზება, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ და ავცრათ ყველა თანამშრომელი.

რაც შეეხება ტესტირებას, ესეც საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნება პერიოდული და ასევე სწალების დროს, რომელიც 6-ეტაპიანია. ყველა ის პირი, ყველა ის კომისიის წევრი, რომელიც ჩაერთვება სწავლების პროცესში, ტრენინგის დაწყებამდე გაიტესტება", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს