ბრაზილიელმა 10 კვირის განმავლობაში Pfizer-ის და Sinovac-ის ორი და AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მკვიდრმა 10 კვირის განმავლობაში სამი სხვადასხვა ვაქცინა, სულ 5 აცრა გაიკეთა.

12 მაისიდან 21 ივლისის ჩათვლით, კაცმა ჩაიტარა აცრა Pfizer-ის ორი, Sinovac-ის ორი და AstraZeneca-ს ერთი დოზით.

TV Globo, რომელმაც შეძლო მისი ციფრული ვაქცინაციის ბარათის მოძიება, იტყობინება, რომ ბრაზილიელმა ორი დოზის გაკეთება მხოლოდ 13 დღის ინტერვალით მოახერხა. ის მაშინ შენიშნეს, როცა 16 აგვისტოს, მეექვსე დოზით უნდა აცრილიყო.

რიოს საქალაქო საბჭომ 20 აგვისტოს, AFP- სთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ჯანდაცვის უწყებები დაუკავშირდებიან ბრაზილიის მოქალაქეს, რათა განემარტა, როგორ შეძლო ინექციების მიღება ვაქცინაციის ცენტრებში.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, კაცი წავიდა სამ სხვადასხვა ცენტრში და კომპიუტერული სისტემის გაუმართაობით ისარგებლა. ჯანდაცვის სამდივნომ თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეძლო კაცის იდენტიფიცირება და მიიღებს აუცილებელ ზომებს.

ცნობისთვის, ბრაზილია მსოფლიოში მეორეა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვით. პანდემიის დასაწყისიდანვე ბრაზილიის ლიდერი Covid19-ს არასერიოზულად აღიქვამდა და მას "მცირე გრიპს" უწოდებდა.

გასულ წელს ვირუსზე სიკვდილიანობის შესახებ დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: "ეს შეკითხვა მათთვისაა, ვინც საფლავს თხრის".

ეპიდვითარების გაუარესებაშიც პრეზიდენტ ბოლსონარუს არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც ოპოზიციონერებმა, ასევე ვაქცინაციის მოლოდინში მყოფმა მოსახლეობამ.

უფრო მეტიც, სენატში გამართული მოსმენებისას გაირკვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა Pfizer-ისგან ელექტრონულ ფოსტაზე მისულ ასზე მეტ წერილს არ უპასუხეს. სენატში საგამოძიებო მოსმენებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, Pfizer-ის წარმომადგენელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა ვაქცინის შესყიდვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა და კომპანიის თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა.

კიდევ ერთი მოწმე კი ჰყვება, რომ პრეზიდენტმა ბოლსონარუმ პირადადა დახუჭა თვალი ინდოეთიდან კოვიდვაქცინის შეძენაზე.

წყარო - The Brussels Times-ი

ამავე თემაზე: Pfizer-ი: ბრაზილიის მთავრობამ ვაქცინის შესყიდვაზე ასზე მეტ წერილს არ უპასუხა