თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში საველე ტიპის ინფრასტრუქტურა ქავთარაძის ქუჩაზეც მოეწყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საველე ჰოსპიტალს დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეეძლება და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით.

„დედაქალაქში ერთ-ერთი მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით. ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რაც ეპიდკვლევიდან გამომდინარე მოსალოდნელი არის. საჭიროების შემთხვევაში, კახეთში განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. პირველი ასეთი ტიპის ჰოსპიტალმა პაციენტები 20 აგვისტოს მიიღო.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთ საველე ჰოსპიტალში, დიღომში, ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა.

ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.