ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა 2 კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა დაველოდოთ. ასევე, ჩვენ ხვალ საბჭოზე ვიმსჯელებთ სხვა დამატებით ღონისძიებებზე, გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარება გვაქვს დღეს. ბოლო ერთ კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს იმ დადებით შედეგს, რომლის მოლოდინიც ჯანდაცვის სექტორს და მოქალაქეებს გააჩნია“, - აღნიშნავს ტიკარაძე.
ბოლო შეზღუდვა ქვეყანაში 17 აგვისტოს ამოქმედდა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა.
ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.