ჯო ბაიდენი Pfizer-ის დამტკიცებაზე: მომენტი, რომელსაც ელოდებოდით, დადგა. დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება არის "მნიშვნელოვანი მომენტი პანდემიასთან ბრძოლაში". ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბაიდენმა მოუწოდა მათ, ვინც FDA-ის დამტკიცებამდე ვაქცინის გაკეთებას ყოყმანობდა, ახლავე გააკეთონ ის.

" ნება მომეცით ამას ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა, თუ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მილიონობით ამერიკელს შორის, ვინც თქვა, რომ ისინი არ მიიღებენ ვაქცინას მანამ, სანამ FDA სრულად არ დაამტკიცებდა, გეტყვით, რომ ეს უკვე მოხდა. მომენტი, რომელსაც თქვენ ელოდებით დადგა. დროა, თქვენ წახვიდეთ და გაიკეთოთ ვაქცინაცია დღესვე ", - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია.

"ისინი, ვინც ელოდებოდნენ სრულ დამტკიცებას, ახლავე უნდა წავიდნენ ასაცრელად. ვაქცინაცია უფასო, მარტივი, უსაფრთხო, ეფექტური და მოსახერხებელია", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მსგავსი სტატუსი მიიღო მარეგულირებლისგან. აქამდე Pfizer-ის ვაქცინას საგანგებოდ გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინის 204 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა