უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქაბულიდან უკრაინის საევაკუაციო თვითმფრინავი გაიტაცეს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო-პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.
უკრაინამ ქაბულიდან 256 ადამიანი გამოიყვანა. უკანასკნელი რეისით ბორისპოლის აეროპორტში 23 აგვისტოს 98 მგზავრი ჩავიდა. მათგან 41 უკრაინის მოქალაქეა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას თქმით, ავღანეთში უკრაინის 50-მდე მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტში უცნობმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეები უნდა გადაეყვანა და ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.
მისი თქმით, ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
„უკრაინის მოქალაქეების ნაცვლად, ამ თვითმფრინავით უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ სამჯერ ვცადეთ, თუმცა მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.