"მთავრობამ უნდა იმუშავოს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მშვიდ, ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, აჭარაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა თითოეული მოქალაქის წინაშე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და "პანდემიასთან ბრძოლა მხოლოდ ექიმების მხრებზე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს".
"იმის მაგივრად, რომ დღეს ვიღაცა საუბრობდეს არჩევნების გადადებაზე ან არ გადადებაზე იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა, ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. მთავრობამ უნდა იმუშავოს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მშვიდ, ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. ეს არის მთავრობის ძირითადი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე მთავრობა უნდა გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას და არ უნდა კეკლუცობდეს იმ პოპულისტური ნაბიჯებით, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამავე თემაზე:
ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე
საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს