საავიაციო ინდუსტრიის შემდეგ, რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაცია, 100% -იანი სახელმწიფო ჰოლდინგი, რომელიც 40 წარმოებას აერთიანებს, მათ შორის გემთმშენებელ ქარხნებს და მანქანათმშენებელ კომპანიებს, ექსპორტის კონტროლის დარტყმის ქვეშაა. კერძოდ, სხვადასხვა წყაროს ცნობით, აიკრძალა ორმაგი დანიშნულების პროდუქტების მიწოდება რუსეთის ფედერაციაში.
„უცხოური კომპანიები უფრო და უფრო უარს ამბობენ რუსული გემთმშენებლობის კომპანიების მომსახურებაზე“, - განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსეი რახმანოვმა.
მისივე თქმით, პრობლემა ყოველდღიურად იმატებს.
„იზრდება, როგორც უცხოეთიდან პროდუქციის მიწოდების შეფერხებები, ასევე უცხოელი კონტრაქტორების მიერ მომსახურების სრულ უარყოფა“, - ამბობს ალექსეი რახმანოვი. კერძოდ კი, სირთულეები ძრავებთან დაკავშირებით, გერმანიიდან წარმოიშვა.
„მაგალითად, გვყავს ერთი გემი, რომლისთვისაც გერმანიის ძრავის მიმწოდებელმა გამოაცხადა უარი, შეგვატყობინეს ამის შესახებ და უკვე მეხუთე თვეა, ველოდებით. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა და ძრავა გადაეცა ჩვენს ქარხანას, მათ ხელახლა უნდა მიმართონ BAFA- ს (გერმანიის ეკონომიკისა და ექსპორტის კონტროლის ფედერალურ ოფისს)“, - თქვა რახმანოვმა.
ცნობისთვის, 2021 წლის მარტში, ნორვეგიის მთავრობამ უარი თქვა რუსული ჰოლდინგისთვის ბერგენის ძრავების მიყიდვაზე, რომელიც სპეციალიზირებულია საზღვაო ძრავების წარმოებაში.
Transmashholding-ი, უმსხვილესი მანქანათმშენებლობის ჰოლდინგი რუსეთში, რომლის ქარხნები გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციისთვის ენერგეტიკულ სისტემებს აშენებენ, ბრიტანული კორპორაცია Rolls-Royce-დან, 150 მილიონ ევროდ, ნორვეგიული წარმოების ძრავის შეძენას გეგმავდა, მაგრამ გარიგება, რომელიც რუსეთისთვის გახსნიდა წვდომას დასავლეთის საზღვაო ძრავის ტექნოლოგიაზე, ნორვეგიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დაბლოკა.
Bergen Engines-ი 1946 წელს დაარსდა. ის არის ნორვეგიის საზღვაო ფლოტის მომმარაგებელი და ასევე ინარჩუნებს 5000 -ზე მეტ ენერგოსისტემას.
„რუსულ კომპანიას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, მიიღოს წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან თავდაცვის ტექნიკაზე”, - ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში ერთობლივ განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, ყველა მოწინავე ტექნოლოგიის თითქმის მესამედი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ფედერაციაში, საზღვარგარეთ არის შეძენილი. ამავე დროს, 2011-18 წლებში, ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის დონე სტაბილურად შემცირდა. იმპორტის წილი 21.1% -დან 29.3% -მდე გაიზარდა.