თურქეთმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

თურქეთმა ავღანეთში არსებული მდგომარეობისა და პირობების შეფასების შემდეგ, ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"თურქეთის შეიარაღებული ძალები სიამაყით ბრუნდებიან სამშობლოში. მათ წარმატებით შეასრულეს მათზე დაკისრებული ამოცანა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2002 წლიდან, თურქეთის შეიარაღებული ძალები (TSK) მოქმედებენ ავღანეთში გაეროს, NATO-სა და ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ავღანელი ხალხის მშვიდობას, კეთილდღეობას და სტაბილურობას.

როგორც თავდაცის სამინსიტროს განცხადებაშია აღნიშნული, ავღანეთიდან სამხედრო თვითმფრინავებით ევაკუირებულია დაახლოებით, თურქეთის 1,129 მოქალაქე.

"ავღანეთიდან გაყვანა შეიძლება დასრულდეს 36 საათში", განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იბრაჰიმ ქალინიმ.

"თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, ქაბულის აეროპორტი დატოვონ