თეთრი სახლი: ავღანეთიდან 95 700-მდე ადამიანია ევაკუირებული

ოთხშაბათს ავღანეთიდან აშშ-სა და მისი პარტნიორების ძალისხმევის შედეგად დაახლოებით 13 400 ადამიანი გაიყვანეს, - შესაბამის მონაცემებს თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, 14 აგვისტოდან დღემდე ქაბულიდან 95 700 ადამიანია ევაკუირებული.

აშშ-ის სამხედროების თქმით, თვითმფრინავები ფრენებს ყოველ 39 წუთში ასრულებენ.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ბრიტანეთში უნდა წაეყვანათ, უკვე ევაკუირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესი დაასრულა კანადამ. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, კანადამ ავღანეთიდან კანადისა და სხვა ქვეყნების 3 700-მდე მოქალაქე გაიყვანა. საევაკუაციო რეისები დაასრულეს ბელგიამ და დანიამ. ოპერაციას დღეს ასრულებენ ჰოლანდია და გერმანია. საფრანგეთის თვითმფრინავი კი ბოლო საევაკუაციო რეისს ხვალ შეასრულებს.

ცნობისთვის, "თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

ამავე თემაზე:

აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, ქაბულის აეროპორტი დატოვონ