ზალკალიანი: რუსული სააგენტოები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი მონაწილეობენ. ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია.

ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.

ამ პროცესების ფონზე რუსულ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებაზე მიუთითებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რაც საქართველოს როლზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას მოჰყვა.

სწორედ რუსული სააგენტოების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ჩაერთო, თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა

„რუსული სააგენტოების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისმა და საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა, და რომ ჩვენ თბილისი ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ, - განაცხადა მინისტრმა.

ქვეყნები, რომლებიც ავღანელი ლტოლვილების მისაღებად მზად არიან

მისი თქმით, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებზე, რომელთა საქართველოში ევაკუაცია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება.

„ეს პირები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და ამის შემდგომ ისინი დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, საქართველო უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურადაა ჩართულია ავღანეთიდან ჰუმანიტარული მისიის, კერძოდ, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის განხორციელებაში. ეს პროცესი კარგადაა ორგანიზებული და ზედმიწევნით გამართული მექანიზმით იმართება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, საქართველო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ჩაერთო, თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა.

საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით დაბრუნდა

ცნობისთვის, კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა 26 აგვისტოს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესშია ავღანეთში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და დიდი ალბათობით, ის აშშ-სთან კონტაქტს გააგრძელებს ავღანეთში წამოჭრილი საკითხების გარშემო.

ლავროვი: რუსეთს არ სურს, შუა აზიაში აშშ-ის ჯარის ხილვა

„თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.