კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს.

მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში მსგავსი პაციენტების სტაციონარიზაცია დაგვიანებულია.

„თითოეული პაციენტის მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასიციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი, რის გამოც გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია.

მაგალითად, გუშინ სამეგრელოს რეგიონიდან ერთ-ერთი ორსულის საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს 122-ზე არ ჰქონდა დარეკილი, სამაგიეროდ, პოსტი ედო Facebook-ზე. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია Facebook-ზე. ჩვენ აქედან დამატებით ინფორმაციას ვიღებთ. იმ პაციენტებთან მიმართებით, რომლებიც სამწუხაროდ, არ მიმართავენ არც ექიმს და არც 112-ს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, ვცდილობთ, რომ ამ კუთხითაც სამინისტრო და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყოს ყურადღებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.