ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ არსებული რთული ეპიდვითრების თავიდან აცილება დიდი ალბათობით შესაძლებელი იყო, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა წინა წლის ამავე პერიოდში დაშვებული შეცდომები და ის გამოცდილებაც, რაც მსოფლიოში დაგროვდა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
ზაზა წერეთლის შეფასებით, ცხადია ვაქცინაციის ტემპი, რომელიც ძალიან დაბალი იყო, უნდა გაზრდილიყო ყველა ძალისხმევის გამოყენებით. ხოლო, ვიდრე ეს არ მოხდებოდა, არ შეიძლებოდა შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა. ამასთან, მისივე აზრით, ვაქცინაცია უნდა გააქტიურებულიყო ყველა დასახლებულ პუნქტში და არამარტო თბილისში და მასში უნდა ჩართულიყო არამარტო ჰოსპიტლები, არამედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრები და მობილური ჯგუფებიც. მაგალითად, სოფლებში უნდა ჩატარებულიყო საინფორმაციო შეხვედრები, შემდეგ ადგილზე მისულიყვნენ და აეცრათ მოსახლეობა.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლისთვის ასევე ცხადი იყო, რომ რაიონებში ონლაინ რეგისტრაცია ვერ მოხერხდებოდა და ამიტომ უნდა გაკეთებინა ყველაფერი ხელისუფლებას, რომ ვაქცინა მიეტანათ მოსახლეობამდე; ცოტა ადრე უნდა გახსნილიყო ისეთი ცენტრები, სადაც რეგისტრაციის გარეშე შეიძლება აცრა; ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ადრე, რადგან „დელტა“ შტამი საქართველოში უკვე მაისში ცირკულირებდა, ყველამ იცოდა, რომ ის სწრაფად ვრცელდება და მისი შეკავება მხოლოდ შეზღუდვებით და მასიური ვაქცინაციით შეიძლებოდა.
ზაზა წერეთლის შეფასებით, „ახლა „ლოკდაუნი“ აღარ გამოვა“.
„უფრო სწორედ, უკვე არცერთი ქვეყანა ამას არ აკეთებს და სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველოც ვერ მოახერხხებს, ძალიან გაუჭირდება. თან თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად პრობლემურია არა შეზღუდვების შემოღება, არამედ მისი კონტროლი, ლოკდაუნი პრობლემურად შეიძლება, მივიჩნიოთ.
შეზღუდვები კი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და სახლემწიფომ არ უნდა დახუჭოს თვალი არცერთ დარღვევაზე. ვაქცინაციის ტემპი ერთი ორად უნდა გაიზარდოს და მაშინ უნდა ვიმედოვნოთ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის სიტუაცია ცოტა დასტაბილურდება. თუმცა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მკაცრი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო მოსახლოების თვითშეგნებაზე დაყრდნობით სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
სპეციალისტები საქართელოში სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ელოდებიან.
„სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია, როგორ ჩანს გაართულებს სასკოლო პროცესის დაწყებასაც, რაზეც ჯერ კიდევ ივნისში ვსუბრობდით თქვენთან ინტერვიუში. ალბათ ამიტომაც იყო შეცდომა შეზღუდვების მოხსნა, რადგან ამან არამარტო შემთხვევების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, არამედ საქართველოს მომავალი თაობის განათლების პრობლემებიც გააძლიერა“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი.
ის გაუმართლებლად მიიჩნევს მხოლოდ მოქალაქეების თვითშეგნების იმედად ყოფნას.
კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ
„ცხადია, თვითშეგნებას მნიშნელობა აქვს, მაგრამ თუ სახელმწიფო არ თამაშობს თავის მთავარ როლს, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ასე არ გამოვა. სახელმწიფომ გადააბარა ყველაფერი ადამიანებს და მათ თვითშეგნებაზეა, გაიკეთებენ თუ არა პირბადეს და წავლენ თუ არა ქორწილებში.
სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ეს და როგორც კი დაინახავს, რომ პირბადეს არ იკეთებენ, უნდა დააჯარიმოს; როცა წესებს არღვევენ, უნდა დააჯარიმოს, თავისი როლი უნდა ითამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემია ასე არ გაჩერდება. მოქალაქეებმა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ვიღაც ფიქრობს. ახლა გამოდის, სახელმწიფო მეუბნება, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებაა და მას სახელმწიფო უნდა იცავდეს“, - აღნიშნავს ჯანდაცვის სპეციალისტი.
რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ზაზა წერეთლის განცხადებით, 75%-ს ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად, 100 000 მაინც უნდა აიცრას დღეში, რასაც ცდილობს ყველა მსოფლიოში, რადგან სასწავლო წლის დაწყება სურთ.
„იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ვაქცინა არ იყო და ამით ვერენაირად ვერ მივაღწევდით ვაქცინაციის მაღალ ტემპს. ამიტომ, როდესაც ივნისში მოხსნეს შეზღუდვები ეს იყო შეცდომა, რადგან მასობრივი ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინა არ იყო. ერთი პროცენტი იყო აცრილი.
ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ეპიდვითარების მართვის პრობლემა. მთელმა მსოფლიომ ისწავლა მართვა და არსად ეწყობა საველე ჰოსპიტლები, ჩვენ ახლა დავიწყეთ მისი გამოყენება, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ ეს პანდემიის პირველ წელს გააკეთა, როდესაც ამ ვირუსზე არაფერი იცოდნენ. ვაქცინაციის ფონზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მსოფლიოში დაეცა, ჩვენთან პირიქით არის.
ადამიანს უნდა ელაპარაკო, რამდენად კარგია აცრა და როგორ იცავს ის. ეს შიშით არ გამოვა, საველე ჰოსპიტლების გახსნით ხალხს დაანახეს: „ნახეთ რა ცუდ დღეში ვართ და აიცერით“. ადამიანებს უნდა მიაწოდო ინფორმაცია ვაქცინის პოზიტიურ მხარეზე და არა იმაზე, რომ დავიხოცებით თუ არ ავიცრებით. შეშინებით არაფერი გამოვა. მოსახლეობამდე „მესიჯის“ მიტანის ფორმა უნდა შეიცვალოს.
როდესაც შემოვიდა ვაქცინები, „დელტა“ შტამი უკვე სწრაფად ვრცელდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში მოსახლეობის 80%-მდე აცრაა საჭირო, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, რაც ამ ტემპით პრაქტიკულად შეუძლებელია. 75%-ს ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად, 100 000 მაინც უნდა აიცრას დღეში. ამას ცდილობს ყველა მსოფლიოში, რადგან სასწავლო წლის დაწყება სურთ.
ჩვენთან წლის ბოლომდე 60%-ის აცრა უნდათ, ეს დაგვიანებული იქნება, რადგან „დელტა“ შტამი ახლა ბობოქრობს და ამას შეიძლება, გრიპის ვირუსიც დაემატოს. ამიტომ, ძალიან რთული სიტუაცია იქნება. წარმოიდგინეთ, იმისათვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, ორი დოზით აცრაა საჭირო, რასაც თავის მხრივ, 6 კვირა სჭირდება და დრო იკარგება“, - განუცხადა Europetime-ს ზაზა წერეთელმა.