კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგი, სხივური თერაპევტს ზაზა უჯმაჯურიძე საქართველოში რთული ეპიდვითარების ერთ-ერთ მიზეზად ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს მიიჩნევს. მას პრობლემად მიაჩნია ისიც, რომ ხშირად ექიმები აძლევენ რჩევას ადამიანებს, რომ არ აიცრან. ზაზა უჯმაჯურიძის აზრით, ასეთი ექიმის ადგილი სამედიცინო სფეროში არ არის და მან უარი უნდა თქვას ამ პროფესიაზე.
„თუ გავყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს, მივდივართ ერთ მარტივ დასკვნამდე: აიცერით!“, - მიიჩნევს ზაზა უჯმაჯურიძე და აქვე განმარტავს, რომ არანაირი წინასწარი კვლევები არ არის ამისთვის საჭირო.
Europetime-მა ზაზა უჯმაჯურიძე ექსკლუზიურად ჩაწერა.
„შემაშფოთებლად მზარდი ციფრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ყველას ჩამოთვლა რთულია. თუმცა რასაც აქედან ვხედავ, ეს არის აცრილთა დაბალი პროცენტი. იყო მუხტი, რომ წარმართულიყო აცრები, თუმცა ახალციხეში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამ ხალხს სკეპტიციზმი ჩაუნერგა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად წავიდა შემდეგ აცრების საქმე იმ მხრივ, რომ ხალხი შეშინდა, პარალელურად იმატა აცრის მოწინააღმდეგე ჯგუფების თეორიებმა და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, მათ ეთერებს უთმობდნენ ცნობილი ტელევიზიები, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან არც ერთი ეს მოსაზრება, რომელიც არის აცრების წინააღმდეგ, არ არის მეცნიერულ დონეზე დადასტურებული. ამიტომ ვართ ვალდებულები, მივყვეთ მეცნიერების გზას, ვიდრე გზა გავუხსნათ ფანტაზიებსა და შიშებზე აგებულ თეორიებს“, - განუცხადა ზაზა უჯმაჯურიძემ Europetime-ს.
ის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„მეორე საკითხია ხალხის ეკონომიკურად რთული მდგომარეობა და ბუნებრივია, მობეზრდათ შეზღუდვები. აქედან საუბარი და დასკვნების გაკეთება რთულია, თუმცა ალბათ, სოციალური სიდუხჭირე ზოგს აიძულებს, დამალოს თავისი დაავადება, უგულვებელყოს შეზღუდვები და რა თქმა უნდა, აცრის დაბალი რიცხვების და ხალხის მიერ რეკომენდაციების არდაცვის კომბინაციამ ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო.
მოხდა ისიც, რომ თავისი რჩევებით ექიმებიც კი უშლიდნენ ადამიანს აცრას, რაც ყოვლად მიუღებელია. მაშინ გადადოს გვერდზე თავისი პროფესია და უარი თქვას ექიმობაზე.
თუ ჩვენ ვართ მედიცინის წარმომადგენლები, უნდა მივყვეთ მტკიცებულებებს, რაც ძალიან მარტივად არის ახსნილი მსოფლიო სახელმძღვანელოებში, რომ ვაქცინას უკუჩვენება თითქმის არ აქვს“, - აღნიშნავს ზაზა უჯმაჯურიძე.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, 26 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1%
კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73