დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიღმის საველე ჰოსპიტალი მუშაობას აჩერებს, თუმცა რჩება მზადყოფნის რეჟიმში, საჭიროების შემთვევაში, აღადგინოს მუშაობა.

,,დიღმის საველე ჰოსპიტალი ძირითადად ტრიაჟისთვის იყო, იქ პაციენტებს პირველი დახმარება და ვისაც, სჭირდებოდა, ჟანგბადით ინჰალაცია უტარდებოდათ და შემდეგ გადაყავდათ კლინიკებში, ან პირიქით, აბრუნებდნენ სახლის პირობებში სამკურნალოდ.

რადგან აქტიური შემთხვევები მცირდება ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება, გვყოფნის საწოლების რაოდენობა კლინიკებში.

მაგრამ ის არ წყვეტს ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ის დარჩება მზადყოფნის რეჟიმში, თუ ამის საჭიროება დადგა”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ვებინარზე.

თავის მხრივ, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის პაციენტთა მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს.

როგორც ჩიმაკაძემ აღნიშნა, სტაციონარული საწოლები თავისუფალია და აღნიშნა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი ახლა სარეზერვო ჰოსპიტალი იქნება.

„დღევანდელი მდგომარეობით, დიღმის საველე ჰოსპიტალში 25-მდე პაციენტია, შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დღეს ვგეგმავთ მათ გაწერას, ამის შემდგომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს აღარ მიიღებს და იქნება სარეზერვო ჰოსპიტალი. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მისი გამოყენება. შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია, სტაციონარული საწოლები არის თავისუფალი, შესაბამისად, არ არის იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტები მოხვდნენ“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. პირველი ასეთი ტიპის ჰოსპიტალმა პაციენტები 20 აგვისტოს მიიღო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.