ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტს მოერიდონ

უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე, ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტს მოერიდონ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია", ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო ასევე ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს აკონტროლონ მათ გარშემო ვითარება, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, თვალყური ადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს, ადგილობრივ მედიას, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდებს სოციალურ ქსელებში და საგანგებო სიტუაციებისთვის გეგმა იქონიონ.

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ამავე თემაზე:

აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

მედია: ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ