ევროკავშირის ელჩი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ ის Twitter-ში წერს.

"მადლობა, საქართველო ქაბულიდან ევაკუაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ ტრანზიტი და გადაყვანა თბილისის აეროპორტის საშუალებით", - წერს კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა.

ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.