კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია" დროებით დაილუქება

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია შევარდნაძე“ 2 000 ლარით დააჯარიმეს და უახლოეს საათებში ობიექტი დროებით დაილუქება. ამის შესახებ Europetime-ს შრომის ინსპექციაში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, წუხელ გვიან ღამით, ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ ობიექტზე აკრძალული სოციალური ღონისძიება იმართებოდა.

,,გუშინ გამოვლინდა ობიექტზე აკრძალული სოციალური ღონისძიება. ობიექტი დაჯარიმდა 2 000 ლარით. ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ობიექტის დროებით დალუქვასთან დაკავშირებით და უახლოეს საათებში დაილუქება", - აცხადებენ ინსპექციაში.

ცნობისთვის, ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ რეგულაციების დარღვევისთვის 5 ობიექტი დალუქა და 6 დააჯარიმა. მათი ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და მასშტაბური გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და ერთი ფიზიკური პირია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.