ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან ერთ-ერთი 29 დღის ჩვილია. ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად რეანიმაციაში 24 პაციენტი მკურნალობს.
"ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში 24 პაციენტი მკურნალობს, აქედან 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთ-ერთი 29 დღის ჩვილია, რომელსაც აქვს თანდაყოლილი სეფსისი, დაუნის სინდრომი, გულის თანდაყოლილი მანკი და რესპირატორული სინდრომი, ყოველივე ამის გამო იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უკვე ერთი კვირაა.
კიდევ ერთი ახალშობილი, რომელიც 21 კვირისაა, ბათუმიდან გადმოიყვანეს, ასევე იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. მას აქვს ახალშობილთა სეფსისი, თანდაყოლილი რესპირატორული დისტრესის და ფილტვის ქსოვილის დაზიანება, კოვიდით განპირობებული.
სხვა ბავშვები არიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, სხვადასხვა თანმხლები დაავადებებით. ისინი ჩვეულებრივ განყოფილებებში აგრძელებენ მკურნალობას", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ამავე თემაზე:
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე ციციშვილის კლინიკაში კომენტარი გააკეთეს