აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"აშშ-ის სამხედრო ფრენები დასრულდა და ჩვენი ჯარები ავღანეთიდან გავიდნენ. ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო, რომელშიც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით", - წერს ბლინკენი Twitter-ზე.
ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა ავღანეთიდან 14 აგვისტოს შემდეგ 123 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 6 000 აშშ-ის მოქალაქეა.
"ეს იყო მასიური სამხედრო, დიპლომატიური და ჰუმანიტარული წამოწყება - ერთ -ერთი ყველაზე რთული ჩვენი ერის ისტორიაში - და ლოგისტიკისა და კოორდინაციის მხრივ არაჩვეულებრივი მიღწევა, ზოგიერთი ყველაზე რთული გარემოების მიუხედავად" - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, "აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა ქაბულში გმირული სამუშაო შეასრულეს აეროპორტის და მრავალი ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის ათი ათასობით ავღანელის უსაფრთხოების დაცვით და მათი ევაკუაციით. ისინი ასევე სასიცოცხლო საქმეს ასრულებენ ამჟამად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ში სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ავღანელებზე ზრუნვით".
ბლინკენმა ასევე ისაუბრა ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს გარდაცვლილ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე.
"თითქმის ყველა მათგანი იყო 20 წელს გადაცილებული, 2001 წლის 11 სექტემბერს ისინი ჩვილები ან მცირეწლოვნები იყვნენ. მათი გარდაცვალება გამანადგურებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ მსხვერპლს და არასდროს დავივიწყებთ, მათ მიღწევებს“,- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა.
ბლინკენის თქმით, ავღანეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ოპერაცია დოჰაში გადაინაცვლებს.
"ამ დროისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ამ პოსტს დოჰაში ავღანეთთან ჩვენი დიპლომატიის გასაკონტროლებლად, მათ შორის საკონსულო საქმეების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და რეგიონულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობისთვის, რათა კოორდინირდეს ჩვენი ჩართულობა და შეტყობინებები "თალიბანისთვის". იქ ჩვენს გუნდს გაუძღვება იან მაკკარი, რომელიც ბოლო წლებში მუშაობდა ავღანეთში ჩვენი მისიის უფროსის მოადგილედ", - განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, აშშ გააგრძელებს ავღანეთში დარჩენილი აშშ-ის მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების დახმარებას, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ. ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ავღანეთში რჩება 100-დან 200-მდე აშშ-ის მოქალაქე. მათ შორის არიან ორმაგი მოქალაქეების მქონე პირები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სურთ თუ არა ავღანეთის დატოვება.
ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრა "თალიბანთან" ურთიერთობაზე.
"თალიბანი ისწრაფვის საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერისკენ. ჩვენი გზავნილი შემდეგია - ნებისმიერი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა უნდა დაიმსახურო", - აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, თალიბანს შეუძლია, გააკეთოს ეს ვალდებულებების შესრულებით, კერძოდ მიმოსვლის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვით, კონტრტერორიზმთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულებით და ინკლუზიური მთავრობის ფორმირებით.
ამავე თემაზე:
ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს