აშშ-მა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ახალი ეტაპი უკრაინასა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში. თავდაცვის დეპარტამენტში ხელი მოეწერა შეთანხმებას თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, NATO-ში გაწევრიანებისა და რუსული აგრესიის მიმართ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევის საკითხებში“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის წინ შეერთებული შტატები უკრაინას 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას ჰპირდება.

გამოცემის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტი აუცილებელია მისი საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდისა და ცეცხლის შეწყვეტის ხშირი დარღვევების გამო.

როგორც გამოცემა წერს, ახალი სამხედრო დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოებისადმი აშშ-ის ერთგულების დემონსტრირებას.

პაკეტი მოიცავს მეტ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინს“.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ და აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, ჯენიფერ გრენჰოლმმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„ეს განცხადება აფიქსირებს აშშ-ის მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას უფრო კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების განვითარებაში, მოახდინოს ეკონომიკის დეკარბონიზაცია, აგრეთვე უზრუნველყოს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და საექსპორტო პოტენციალი, ამ სექტორის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის, წყალბადის, ნახშირბადი, ენერგიის დაზოგვის და სხვა ტექნოლოგიურ სფეროებში“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა დღეს შედგება. თავდაპირველად, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის თარიღმა საბოლოოდ 2 დღით გადაიწია.

ამავე თემაზე:

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია - ხვალ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდებიან

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია