ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია - ხვალ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება.

ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის ლიდერი ასევე გამართავს შეხვედრებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან.

უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ რიგ დოკუმენტებს.

kyivpost-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციიდან ერთ-ერთი ვისაც ზელენსკი შეხვდება, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი ჯენიფერ გრანჰოლი იქნება.

,,უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ელენა ზელენსკაია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მოწვევით სამუშაო ვიზიტით ჩავიდნენ.

ვიზიტის დღის წესრიგში დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პირისპირ ფორმატში და ასევე დელეგაციის გაფართოებულ ფორმატში. უკრაინის პრეზიდენტს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება ამერიკელ მაღალჩინოსნებთან.

როგორც დაგეგმილია, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები არაერთ დოკუმენტს მოაწერენ ხელს", - აღნიშნულია ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა პირველ სექტემბერს შედგება. თავდაპირველად, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის თარიღმა საბოლოოდ 2 დღით გადაიწია.

თეთრი სახლის ინფორმაციით, თარიღის ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ ბაიდენი დაკავებულია აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგების გამკლავებისა და ავღანეთიდან აშშ -ის ძალების გაყვანის პროცესების კონტროლით.

"ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და თეთრი სახლის მხარდაჭერას კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში 7 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრისას მოიწვია.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდებიან

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას 30 აგვისტოს შეხვდება

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმიერ ზელენსკის შეხვედრა ერთი დღით გადაიდო