დღეიდან ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ამოქმედდა. მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის გაკეთება მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე შეეძლებათ.
ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა Pfizer-ისა და Sinovac-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. დღეს, 12:00 საათიდან, იმუნიზაციის პროცესი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ ვილმარტის, ე.წ. ხოფის ბაზრობის და ე.წ. ოცნების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
ცნობისთვის, საქართველო ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსება დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 201-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 210 746 აცრა ჩატარდა.
სრულად ვაქცინირებულია 408 663, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 802 083 შეადგენს.