არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო პროცესში სტუდენტები ჩაერთვებიან

2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების შედეგად არსებული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს მიაწოდებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სტუდენტების/კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისათვის მხარეები ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს.

"არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. საქართველოს ორგანულ კანონზე "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" დაყრდნობით ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. გადაღებული ვიდეომასალა ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად განხორციელებაში იქნებიან ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე გაეცანით:

ცესკო ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვას რამდენიმე უბანზე განიხილავს

ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო

ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს

ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე

ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს