არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცესკომ და შსს-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინგანა საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში მოხდება ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა. გარდა ამისა, მემორანდუმი ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება. მემორანდუმის მიზანი არის კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი პირველად 2016 წელს მოაწერეს. მას შემდეგ მსგავსი დოკუმენტი ყველა საერთო არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება და აღნიშნულის საფუძველზე მხარეები არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებს ახორციელებენ.

ამავე თემაზე:

არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო პროცესში სტუდენტები ჩაერთვებიან