ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 95 პაციენტი მკურნალობს

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 95 პაციენტი მკურნალობს.

როგორც ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხად, პაციენტების მდგომარეობა მეტწილად საშუალო სიმძიმისაა.

„პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება აღარ სჭირდებათ. ერთ პაციენტს გუშინ მდგომარეობა დაუმძიმდა და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მორიგეობის განმავლობაში ერთი პაციენტი ბინაზე გაეწერა. გუშინ პაციენტების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დღეს დილით ორით გაიზარდა“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. პირველი ასეთი ტიპის ჰოსპიტალმა პაციენტები 20 აგვისტოს მიიღო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.