ეკატერინე ტიკარაძე: 60 წელს გადაცილებულებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა, კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ქალებში - 80-90 წელი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს გადაცილებულებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა, კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ქალებში - 80-90 წელი.

მისი თქმით, აცრების კომპონენტში ახალგაზრდები ლიდერობენ, დაბალია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა, თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება, კვლავ დაგვრჩება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

"გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. ეს მონაცემი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 60 წლის ზევით ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მამაკაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში - 80-90 წელი.

აცრების კომპონენტში ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გვაქვს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა. მიგვაჩნია, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და არ მივყვებით გასულ წელს დადგენილ ვაქცინაციის კალენდარს, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ეს კალენდარი განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომ მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია. გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, გაანალიზებული აქვთ, ასევე თუ რამდენად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას ვაქცინაცია.

"ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წლის ზევით რისკი არის, თითქმის 95%. ეს გვაძლევს იმის საფუძველს რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კვლავ მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთონ", - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 15%-ზე მეტი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 86