ამირან გამყრელიძე: სრულად ვაქცინირებულებიდან სამი ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვაბელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულებიდან სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მისი თქმით, გლობალურად, მთელ მსოფლიოში კოვიდი, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა.

"სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში...სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს - სიმსივნებს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყოველი ათასი ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 86.