2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა - ზურაბ აბაშიძე

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს არის რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

მისივე განმარტებით, ორმხრივი მზაობა არ ყოფილა არც „ქართველი ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიმართულებით“, როგორც ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დადო, არის ასეთი პასაჟი - „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.