„თალიბანის“ ლიდერი: მოძრაობა ინკლუზიური მთავრობის ფორმირების პროცესშია

„თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი აცხადებს, რომ მოძრაობა ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. ამის შესახებ Aljazeera წერს.

„ვარწმუნებ ხალხს, რომ ჩვენ ვცდილობთ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მთავრობა იქნება პასუხისმგებელი ყველას წინაშე. უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რადგან ეს აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ბარადარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მთავარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რადგან ეს ავღანეთში მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„თუ შევძლებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, გადავლახავთ სხვა პრობლემებს და სწორედ აქედან დაიწყება პროგრესი და წინსვლა“, - განაცხადა ბარადარმა.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო დეპარტამენტი: „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას ასევე გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ