ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია თბილისი-ვენის რეისთან დაკავშირებულ პრობლემას განმარტავს.
„ტექნიკური პრობლემა იყო, ბორტზე ხომალდის მეთაურს სიგნალი მიეცა, რომ შასი არ დაიხურა. ხომალდის მეთაურმა თავისი მოვალეობა უმაღლეს დონეზე შეასრულა. რეგულაციების შესაბამისად, როდესაც თვითმფრინავის ავზები სავსეა საავიაციო საწვავით, თვითმფრინავის დასმა აეროპორტში არ შეიძლება. შესაბამისად, მან დახარჯა საავიაციო საწვავი, მიიყვანა საავიაციო საწვავი იმ დონეზე, რომ ეს ყოფილიყო უსაფრთხო თვითმფრინავის დასასმელად. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა, ხარვეზი აღმოფხვრილია“, - აღნიშნა რომან ბოკერიამ ჟურნალისტებთნ საუბრისას.
შეგახსენებთ, თბილისიდან ვენის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა.
ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს, აფრენის დროს არ აეკეცა და ამიტომ უკან დაბრუნდა.
პილოტმა, თემურ თოლომაშვილმა თბილისის აეროპორტში, ტექნიკური პრობლემის შემდეგ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა.
ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იყო.