,,ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და მადლობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან მეგობრობისთვის", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს კონგრესის დელეგაცის წევრმა ალექს მუნმა წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის მონახულებისას განაცხადა.
,,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მხარადამჭერ აქტს, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას წარმოადგენს და ამით მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას და რა თქმა უნდა ვგმობთ რუსეთიდან მომდინარე აგრესიას.
დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მადლობა გადავუხადოთ ქართველ სამხედროებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და მადლობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან მეგობრობისთვის", - განაცხადა სენატორმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრები წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და მის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს გაეცნენ.
ცნობისთის, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა.
კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ