17-25 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი. იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ა-კლასის კინოფესტივალია, რომელიც 1953 წლიდან იმართება და ყოველწლიურად საავტორო კინოს 200-250 ნამუშევარს სთავაზობს ფესტივალის სტუმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი ინდუსტიული კუთხით. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, 19-23 სექტემბერს, გაიმართება ღონისძიება FOCUS ON GEORGIA, სადაც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ფესტივალზე გაემგზავრება 10 ქართველი პროდიუსერი საინტერესო საქმიანი შეხვედრების გასამართად და უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
FOCUS ON ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კოპროდუქციის ფორუმის ნაწილია. წელს ღონისძიება ხორციელდება სან-სებასტიანის კინოფესტივალისა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით.
აღსანიშნავია, რომ სან-სებასტიანის კინოფესტივალის ინიციატივა WIP Europa-ს ფარგლებში ქართველი რეჟისორი დავით ფირცხალავა თავისი ფილმის პროექტს წარადგენს სახელწოდებით “დიდი შესვენება”. ფილმს უკვე მიღებული აქვს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება.