ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია განთავსდა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე Stopcov.ge-ზე. თუმცა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი მაჩვენებელი არ ასახავს რეალურ ციფრებს.
NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, გუშინ იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე და შესაბამისად, ყველა შედეგი არ არის ატვირთული პორტალზე.
საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
„ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში. მართალია, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ეს გრძელდება. ჩვენი პროგნოზით, დღეს ველოდებოდით და უნდა ყოფილიყო კლება წინა სამშაბათთან შედარებით. დაახლოებით კვირის განმავლობაში ჩვენ კლება გვაქვს 700-800-900 შემთხვევით.
წინა კვირას ჩვენ გვქონდა 4700-ის ფარგლებში შემთხვევა და დღეს ველოდებოდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო 3500-3700-ის ფარგლებში, მაგრამ არის 1965. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენ რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული პორტალზე.
ეს შედეგები დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა. ნეტავ ვცდებოდე და თუ ეს მართალია და 1965 შემთხვევა გვაქვს დღეს რეალურად, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფი ტემპით მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ.
კარგია, რომ დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 7%-ის ფარგლებში. ბოლო 7 და 14 დღის განმავლობაში ის ჩამოსცილდა 9%-ს. ანუ ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდება.
სიკვდილიანობას რაც შეეხება, აქაც გარკვეულად შემცირების ტენდენცია გამოჩნდა, რაც ძალინ კარგია, თუმცა საავადმყოფოებში რჩება 1500- მდე მძიმე პაციენტი, მათ შორის 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე" , - განცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 17.1% სრულად ვაქცინირებულია.