რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ კონფერნციაზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილა.

"განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს. შევეხეთ ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას - ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზედაც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია.

მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად გაგრძელდა. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ: სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სერენ პაპიკიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, სომხეთს რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ხოლო, საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

ამავე თემაზე:

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია