ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ევროპაში ავღანელი ლტოლვილების ადგილი არ არის

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ავღანელი ლტოლვილებისთვის "ადგილი ნამდვილად არ იყო". ამის შესახებ მან ავსტრიის კანცლერთან სებასტიან კურცთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ჩეხეთის ლიდერი ვარაუდობს, რომ უკეთესი იქნება "იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათ ავღანეთში დარჩენის საშუალებას მისცემს".

"ერთი ვარიანტია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკება, როგორც წარსულში გავაკეთეთ, მაგრამ არა მგონია ეს კარგი გამოსავალი იყოს. უკეთესი ვარიანტი არის გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს ავღანელ ხალხს, ავღანეთში დარჩნენ",- განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

როგორც Euronews-ი წერს, 2016 წელს ევროკავშირმა დადო "მიგრაციის ხელშეკრულება" თურქეთთან, სადაც ანკარამ პირობა დადო, რომ ხელს შეუშლიდა მილიონობით, ძირითადად სირიელი, ლტოლვილის გაქცევას ევროპაში დაფინანსების სანაცვლოდ, რომელიც მას 3 მილიონზე მეტი ემიგრანტის განსახლებაში დაეხმარებოდა.

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 18 მილიონ ევროს გამოყოპფს ავღანელების დასახმარებლად ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში.

"ჩვენ შევეცდებით შევამსუბუქოთ მათი ტანჯვა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ 2015 არ უნდა განმეორდეს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, არალეგალური მიგრაციისა და ჩვენ ვებრძვით კონტრაბანდისტებს". - განაცხადა კურცმა.

ცნობისთვის, 2015 წელს დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი შემოვიდა ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან.

ამავე თემაზე:

ანტონიო გუტერეში: ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი „თალიბანს“ უნდა ესაუბროს, რადგან მათ ომი მოიგეს