პენიტენციური სამსახური: 31 აგვისტოს შემდეგ, გეგუთის ციხეში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში COVID19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. დაწესებულებაში, 31 აგვისტოს შემდეგ, კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფომაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე N14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 14 მსჯავრდებული რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან.

"მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება. ასევე, პატიმრები PCR ტესტის საშუალებით თვეში 2-ჯერ იტესტებიან.

ინფორმაციისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების 55% უკვე ვაქცინირებულია", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა