დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა დღეიდან გაუქმდა. მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი ტემპით არის განპირობებული.
მასობრივ თავყრილობაზე დასწრება „ვაქცინაციის ცნობის“ გარეშეა შესაძლებელი. ბარებში, დისკოთეკებსა და ფიტნესცენტრებში შესვლა თავისუფალია.
ჯანდაცვის მინისტრის მაგნუს ჰეუნიკეს თქმით, დანიამ მიაღწია „რეკორდულად მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელს“.
„მთავრობამ პირობა დადო, რომ არ გაახანგრძლივებს ზომებს საჭიროზე მეტ ხანს და ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას. მაგრამ ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა. საჭიროების შემთხვევაში, თუ პანდემია ისევ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს საზოგადოებას, მთავრობა სწრაფად იმოქმედებს და დააბრუნებს ზომებს" , - განაცხადა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
დანიაში სრულად არის აცრილი 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 83 პროცენტი. ქვეყანაში შემსვლელთათვის შეზღუდვები არ გაუქმებულა. გერმანიიდან, დანიის მოსაზღვრე რეგიონის გარდა, ჩასულებმა კორონავირუსის ტესტის შედეგი უნდა წარადგინონ.
დანიის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილება 27 აგვისტოს მიიღო.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყების დღიდან, 6 მილიონიან ქვეყანაში 340 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, დაახლოებით 2,5 ათასი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.