გავრილოვზე არ გვისაუბრია, თუმცა, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
"ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხები იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი". - თქვა კარასინმა იმედის თარგმანის მიხედვით.
აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული ონლაინ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 27 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ეწერა, რომ სხვა თემებთან ერთად განხილვის საგანი გახდა, თბილისში ე.წ. "გავრილოვის ღამის" მოვლენებიც.
"მხარეებმა გაცვალეს აზრები რიგი პრაქტიკული საკითხების შესახებ. დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს. იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით განმარტება გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და თქვა, რომ შეხვედრაზე 2019 წლის ზაფხულის მოვლენებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ზურაბ აბაშიძე ამას რუსული მხარის ინტერპრეტაციას უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყებაც და მოუწოდეს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.