საბერძნეთში დღეიდან აუცრელმა თანამშრომლებმა სავალდებულო კოვიდტესტი საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ

საბერძნეთში დღეიდან არავაქცინირებულებისთვის რეგულაცია ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა არავაქცინირებულ თანამშრომელს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, უნდა ჩაუტარდეს კოვიდტესტი კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯებით, ან ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ უკანასკნელ 6 თვეში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთი. ახალი შეზღუდვა ძალაში იქნება 2022 წლის 13 მარტამდე.

სწრაფი ტესტების ღირებულება 10 ევრო, სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის კი უფასო იქნება.

ასევე აუცილებელია პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში და გარეთ, ხალხმრავალ ადგილებში.

აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, საბერძნეთში შესვლისას სპეციალური სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეავსონ.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ აგვისტოში განაცხადა.