ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს საარჩევნო სიაში 683 გარდავლილია შეყვანილი, არასწორია. ამის შესახებ ცესკოს წარმომადგენელმა, თორნიკე გოგისვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "სამოქალაქო საარჩევნო კომისია" ამ განცხადებით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმაციის გავრცელებას.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურ მზადებაშია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის და მოქალაქეებს მუდმივად აწვდის დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ როგორ მიდის აღნიშნული პროცესი. თუმცა გარკვეულ ძალებს კვლავ შეცდომაში შეყავთ ამომრჩევლები და აგრძელებენ მათ დეზინფორმაციას.
ამჯერად მედიაში ისევ ვრცელდება ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია და ამ მოძველებული თემით, რომელიც დიდი ხანია აღარ არის აქტუალური და მაგალითად გასული წლის არჩევნებზე ამ თემაზე ერთი საჩივარიც კი არ დაწერილა, აღნიშნული დაინტერესებული პირები კვლავ ცდილობენ მოქალაქეებში უნდობლობის გაღვივებას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში რამდენიმე ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მონაცემებით ფიქსირდება 683 გარდაცვლილი პირი, რაც მათივე აპელირებით ხელს შეუწყობს არჩევნების გაყალბებას.
არარეალური და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ გარდაცვლილის ან თუნდაც სხვა პირის მაგივრად რომელიმე მოქალაქემ შეძლოს კენჭისყრაში მონაწილეობა, რადგან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას პირველ რიგში ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის საფუძველზეც ხდება საარჩევნო უბანზე მისი იდენტიფიკაცია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პიროვნების გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრმა გარდაცვალების ცნობა შესაბამის უწყებაში უნდა აიღოს, რაც აისახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში და შესაბამისად ასეთი პირები ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციას გადაცემული აქვს შესაბამისი დონის საარჩევნო კომისიებისთვის განცხადების სპეციალური ფორმა, რომელიც გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს შეუძლია შეავსოს და წარადგინოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, რის საფუძველზეც სიაში შევა შესაბამისი ცვლილება.
ხშირია შემთხვევები, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ მიმართავენ შესაბამის უწყებას გარდაცვალების მოწმობის მოთხოვნით. იმისათვის, რომ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში აისახოს ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ, ზემოაღნიშნული ცნობის მოთხოვნა ოჯახის მხრიდან აუცილებელია. აქედან გამომდინარე პირი, რომელიც შეიძლება მოხვდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში და არის გარდაცვლილი, არ ნიშნავს იმას, რომ მის მაგივრად ვინმე სხვა შეძლებს ხმის მიცემას", - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა, თორნიკე გოგისვანიძემ.
თრნიკე გოგსივანიძემ წარმოგიდგინა სტატისტიკური ინფორმაცია 2012 წლიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში, იმ პირების თაობაზე, რომლებიც 1930 წლამდე არიან დაბადებული:
"2012 წლიდან აღნიშნულ პირთა რაოდენობა რადიკალურად არის შემცირებული. ამასთან გვინდა განვაცხადოთ, რომ არასწორია, როცა ესა თუ ის ორგანიზაცია ან პირი ავრცელებს არასრულ ინფორმაციას და გადაუმოწმებელ მონაცემებს მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტის მიხედვით და ამ არასრული მონაცემების საფუძველზე აკეთებს სუბიექტურ დასკვნას, თუ რა მასშტაბს შეიძლება მიაღწიოს სიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 მუნიციპალიტეტის მონაცემის საფუძველზე", - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა, თორნიკე გოგისვანიძემ.
ამავე თემაზე:
სამოქალაქო საარჩევნო კომისია: საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 683 გარდაცვლილი