„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია „ლელო საქართველოსთვის "ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე გაივლიან ტექნიკურ დეტალებს, თუ რას აპირებს ოპოზიცია პარლამეტის პირველი სხდომის გამართვისას.

„იცით, რომ გუშინ საოლქო კომისიებმა შეაჯამეს ე.წ. მეორე ტურის შედეგები. შესაბამისად, ყოველდღე შეგვიძლია ველოდოთ იმას, რომ ცესკო შეაჯამებს საბოლოოდ ამ ე.წ. არჩევნების შედგებს და შემდეგ ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს პირველი სხდომა. ამიტომ, დღეს შევიკრიბეთ რათა გავარკვიოთ ბოლო დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვაკეთებთ პირველი სხდომის დროს. გარკვეული მონახაზები უკვე არსებობს. „ლეიბორისტებთან" შეხვედრის შემდეგ ჩვენ ეს მონახაზები გავაჟღერეთ. შესაბამისად, დღეს ტექნიკურ დეტალებს გავივლით. რაც შეეხება მესამე რაუნდს, ამასთან დაკავშირებით სიახლის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ იქნება თუ არა ეს მესამე რაუნდი საერთოდ, არავინ იცის“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში, ელჩებს დღეს ოპოზიციის ლიდერები, კობა ნაყოფია და გრიგოლ ვაშაძე შეხვდნენ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.