ავღანეთში ახალი მთავრობის შექმნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, „თალიბანის“ ლიდერებს შორის დიდი დაპირისპირება დაიწყო. იუწყება BBC წყაროზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ორი, ერთმანეთის კონკურენტი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლეში დაუპირისპირდა ერთმანეთს.
უთანხმოება ახალ კაბინეტში ძალთა გადანაწილებას მოჰყვა. „თალიბანმა“ ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია. დავის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „თალიბანის“ თანადამფუძნებელი, მულა აბდულ ღანი ბარადარი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. „თალიბანის“ ერთმა წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ბარადარი და ხალილ ურ -რაჰმან ჰაკანი - ლტოლვილთა მინისტრი და ბოევიკთა ქსელში გამოჩენილი ფიგურა - სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მათი მიმდევრები კი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „თალიბანის“ უფროსმა წევრმა კატარში და მათთან დაკავშირებულმა პირმა ასევე დაადასტურეს, რომ გასული კვირის ბოლოს ლიდერებმა მართლაც იკამათეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ასევე წარმოიშვა განხეთქილებების გამო იმის შესახებ, თუ ვისი დამსახურებაა ავღანეთში „თალიბანის“ გამარჯვება. ბარადარი მიიჩნევს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მისი მსგავსი ადამიანების დიპლომატიაზე, ხოლო ჰაკანის ჯგუფის წევრები, რომელთაც „თალიბანის“ ერთ -ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მართავს, ასევე, მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს ბრძოლის შედეგად არის მიღწეული. ბარადარი იყო „თალიბანის„ პირველი ლიდერი, რომელიც 2020 წელს უშუალოდ დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტს და სატელეფონო საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან. მანამდე მან „თალიბანის“ სახელით ხელი მოაწერა დოჰას შეთანხმებას აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე.
ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს. ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი.
მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.
ამავე თემაზე:
რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?