„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიციური პარტიები მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბებიან, სადაც პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ხელმოწერით დაადასტურებენ. ამის შესახებ ჩიხლაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ჩიხლაძის ინფორმაციით, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს.
„თარიღი არ ვიცით, რადგან არ ვიცით, როდის ჩატარდება პირველი სხდომა. ადრეც გვქონდა ეს ვარიანტი, მთლიანი ოპოზიციური ფლანგის მეტეხის ეკლესიის ეზოში შეკრება, როგორც ბარიერ გადალახულის, ასევე იმ პარტიების, ვისაც არ გადაალახინეს ბარიერი და ერთობლივი ხელმოწერა იქნება არშესვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პარტიებმა ასევე ისაუბრეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზეც.
„გვაქვს მოლოდინი ჩვენ, პარტნიორებსაც და მოსახლეობასაც, რომ მესამე რაუნდი შედგება, თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, მოვა მესამე რაუნდზე საერთოდ, თუ არ მოვა, მიღებული აქვს გადაწყვეტილება თუ არა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.